რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე ოცნებობს
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე ოცნებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ზრახვა ის არის, რომ ისინი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე ოცნებობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ეს არის ფაქტი და ისინი ამის ტირაჟირებას მუდმივად ახდენენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც ყოველთვის აწყობს, რაც შეიძლება, დიდი დოზით იყოს არეულობა, სიძულვილი და აგრესია, რადგან როდესაც აგრესია ძლიერია, საქმის კეთება ნაკლებია. მნიშვნელოვანია, ამის პრევენცია მოვახდინოთ და ამისთვის აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ვიღაც დაიჭირო, გაასამართლო და ა.შ. პრევენცია მნიშვნელოვანია, რომ იყოს სტაბილურობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლება მზად, კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებს კონკრეტული სამართლებრივი ქმედებები მოაყოლოს, რადგან თუ კონკრეტული საფრთხეების იდენტიფიცირებას მხოლოდ ნეიტრალიზების ამოცანა ექნება და ამ საფრთხეების შექმნისთვის რეალურად, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, საზოგადოებას ექნება ლეგიტიმური განცდა, რომ ეს საფრთხეები რეალური არ არის და ის საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის საშუალებაა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოების დაცვაში ნებისმიერ ეპიზოდს სამართლებრივი შეფასება მისცეს.

„არაერთი საქმე, რომელიც პარლამენტში შეჭრას ეხებოდა, სასამართლოშია გადაცემული. ასე რომ, თითოეულ საქმეზე შესაბამისი რეაგირება მოხდა. რასაკვირველია, სახელმწიფო არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, მსგავს ქმედებას და მას ყოველთვის ადეკვატური, პროპორციული და საკადრისი პასუხი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით ხდება, რაც ბუნებრივი პროცესია და ვინც გარკვეული ესკალაციის შემოტანას სხვა გზით ეცდება, კანონის წინაშე სრულად აგებს პასუხს.