რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2020 წლის არჩევნებზეც საკადრის პასუხს გასცემს
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2020 წლის არჩევნებზეც საკადრის პასუხს გასცემს

პეიზაჟების ფონზე მოსეირნე ხელმოცარული პოლიტიკოსის მორიგი ვიდეო დრამა ვნახეთ, რითაც სინამდვილეში მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეორგოლს გამოეხმაურა.

იონათამიშვილის თქმით, ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ წლევანდელ არჩევნებზეც საკადრის პასუხს გასცემს.

„მან დასვა საკითხი ასე, რომ ან მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“ ან დაიღუპება საქართველო. ამ გამოწვევას ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს უკვე გასცა საკადრისი პასუხი, რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება, რაც დასრულდება იმ შედეგით, რომ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და საქართველო, ხოლო სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს ძალიან მწარე მარცხს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები როგორი მიუღებელიც იყო ქართველი ხალხისთვის და დანაშაულებრივი იყო მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ისეთი დანაშაულებრივი არიან მაშინაც, როცა ისინი არიან ოპოზიციაში. ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებდნენ იმ ამოცანას, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა, სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი, კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.