რატი ბრეგაძე - ყველას მოგეხსენებათ, მათ შორის, მილიონდოლარიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც სააკაშვილი და მისი მხარდამჭერთა ჯგუფი აწარმოებდნენ, არასდროს დავუშვებთ, სახელმწიფოს ცილი დასწამონ
რატი ბრეგაძე - ყველას მოგეხსენებათ, მათ შორის, მილიონდოლარიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც სააკაშვილი და მისი მხარდამჭერთა ჯგუფი აწარმოებდნენ, არასდროს დავუშვებთ, სახელმწიფოს ცილი დასწამონ

CPT-ის დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ღია თანამშრომლობის თაობაზე, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდებულებთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT) დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ და ბრალდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რატი ბრეგაძემ CPT-ის დასკვნაში მოყვანილ სხვა გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, საუბარი იყო, თითქოსდა ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც არ არის სწორი. გამოვეხმაურები CPT-ის დელეგაციის ვიზიტს და მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან საკმაოდ ცალმხრივად არის გაშუქებული. ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ შუქდებოდა საკითხი მედიაში. მაგალითად, CPT-ის დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არსებული ღია თანამშრომლობის თაობაზე, ასევე, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდებულებთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად. აგრეთვე, აღინიშნა, რომ კლინიკაში სუფევს მშვიდი ატმოსფერო, სამედიცინო პერსონალსა და მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტებს შორის არის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ და ბრალდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. ასევე, მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტთა შორის ძალადობის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა. აღინიშნა, რომ კლინიკაში არსებული განთავსების პირობები მსჯავრდებულთა და ბრალდებულთათვის არის ადეკვატური. პალატების ზომებზე იყო ყურადღება გამახვილებული და ნათქვამი იყო, რომ ისინი არის სტანდარტებთან შესაბამისობაში, აგრეთვე, პალატებში არის სისუფთავე. ასევე, კარგად მუშაობს ვენტილაცია და მოწესრიგებულია სველი წერტილები, პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები, საკვები და ტანსაცმელი. აგრეთვე, საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული ბატონი ს.-ის ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა. აღინიშნა, რომ პალატა კარგადაა აღჭურვილი, მათ შორის მაგიდით, სკამით, დივნით, ტელევიზორითა და მაცივრით. ერთგვარად ისიც კი აღინიშნა, რომ სხვა მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ ჰქონდათ, რაც ასევე შემდგომში სასწრაფოდ იქნა გამოსწორებული ჩვენ მიერ. ხაზი გაუსვეს ასევე იმ გარემოებას, რომ კლინიკის სამედიცინო პერსონალი მრავალი სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, მათ შორის კარდიოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებს. იყო გარკვეული ტიპის რეკომენდაციები. მაგალითად, მედიაში საუბარი იყო დაბურულ შუშაზე. ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს და ანგარიშში აღნიშნულია, რომ 12 აპრილს უკვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეს პრობლემა იყო აღმოფხვრილი და ამასაც მიესალმებოდა, თუმცა მედიის გარკვეულ ნაწილში ამაზე საერთოდ არ გამახვილებულა ყურადღება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ, ამ ანგარიშთან ერთად, გამოქვეყნდა ამ ანგარიშზე მთავრობის პასუხი. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ანგარიშის განხილვა ხდება კომპლექსურად, პასუხებთან მიმართებით, ხოლო პასუხებზე არცერთ ოპოზიციურად განწყობილ მედიას არ გაუმახვილებია ყურადღება.

რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს. სტრასბურგის სასამართლომ კი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მხარეების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, 12 მაისს უარი უთხრა კლინიკიდან გაყვანაზე. ეს არის მოკლე პასუხი, რომელიც პასუხობს ყველა კითხვას, თითქოსდა არაადამიანურ მოპყრობაზე, დამთრგუნველ გარემოზე და ა.შ. მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს რიცხვები – 25-27 მარტს იყო CPT-ის ვიზიტი, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ 12 მაისს უარი უთხრა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გაყვანაზე, შესაბამისად, ქართული კლინიკის დატოვებაზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული იყო მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და მტკიცებულების საფუძველზე. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხობს ყველა კითხვას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, რატომ არის განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ოთახში ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც დასკვნაშია საუბარი, იყო ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები, თუ რატომ უყურებს ლოგინს. ამაზეც, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია პასუხი. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი CPT-ის წარმომადგენლებთანაც და ავუხსენით საკმაოდ დეტალურად, რატომ არის განთავსებული მის ოთახში ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები. სხვათა შორის, აქვე უნდა ვთქვათ მოსახლეობისთვის, რომ ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების ოფიციალურად გამოყენება, რომლის შესახებაც ინფორმირებულია მსჯავრდებული, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და აქ არ არსებობს არცერთი პრობლემა. ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლის ყველა ნორმასთან შესაბამისი ღონისძიება. რას ემსახურება ეს ღონისძიებები? – ემსახურება მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ქრონიკული საუბარი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი, იგივე ბატონი ს, რომელიც მოხსენიებულია ამ დასკვნაში, იყო მოწამლული. შემდგომში ყველანაირი ანალიზით გაირკვა, რომ ის არ იყო მოწამლული და ეს ყველაფერი იყო სრული სპეკულაცია. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გაირკვა, დაიწყო საუბარი, თითქოსდა მას უპირებდნენ მოწამვლას და სასწრაფოდ მისაღები იყო ყველა სახის ღონისძიება. ჩვენ ეს ღონისძიებები გავატარეთ მაშინაც, დღესაც მასთან მნახველები შედიან შესაბამისი ეკიპირებით.

აქვე, მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, რომ ის უარს აცხადებს იმ საჭმელზე, რომელსაც თავად სთავაზობს მას საავადმყოფო, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახური. მისთვის ყოველ დღე საკვები მიაქვთ მის მიერ არჩეულ პირებს, კერძოდ, ოჯახის წევრებს. ასევე, ყველას კარგად გემახსოვრებათ ის ცნობილი კადრები, მაგალითად, საწოლიდან გადმოვარდნის მცდელობა, რომელიც ჩვენ არ გაგვივრცელებია, გაავრცელა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ, შესაბამისი მითითებით. აქ მიჩნდება მარტივი კითხვა, მართლა რომ გადმოვარდნილიყო საწოლიდან, რამე დაეშავებინა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები არ ყოფილიყო, მაშინ ვინ გასცემდა პასუხს და ვის დაბრალდებოდა ეს? რა თქმა უნდა, დაბრალდებოდა სახელმწიფოს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სულ საუბარია, თითქოსდა მას აწამებენ, წამლავენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ა.შ. ასევე, იქ რომ არ ყოფილიყო ვიდეოკამერები, ჩვენ და, პირველ რიგში, საზოგადოება ვერაფერს შეიტყობდა ე.წ. წინდების სკანდალის შესახებ. შევახსენებ საზოგადოებას, როგორ ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი ექიმები წინდების საშუალებით მისგან აღებული ნიმუშების გატანას. ეს ყველაფერი ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რათა, პირველ რიგში, დაცული იყოს ისევ და ისევ მისი უსაფრთხოება და საზოგადოება სრულად იყოს საქმის კურსში, რომ საქართველოში არავის აწამებენ, პირიქით, იცავენ პატიმრის უფლებებს. აქვე, გეტყვით, რომ მათ თავადაც არასდროს ჰქონიათ პრობლემა ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებთან დაკავშირებით. პირიქით, მთელ რიგ შემთხვევებში მისი უფლებადამცველები იყენებდნენ ამ ჩანაწერებს, რამდენჯერმე გამოითხოვეს კიდეც და მათ აქვთ სრული ჩანაწერი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნისა. აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რაიმე რომ დაემართოს, მაგალითად, წაიქცეს და ა.შ. მაშინ ვის დაბრალდება ეს ყველაფერი, მას თუ სახელმწიფოს? ადამიანთა ჯგუფისგან, რომელიც ფულს იხდის, რომ საქართველო დასანქცირდეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს, ყველაფერი დაბრალდება სახელმწიფოს. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, სახელმწიფოს ვინმემ დასწამოს ცილი და ასევე შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი ძვირფასი მოსახლეობა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, მათ შორის, იმ მილიონდოლარიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც როგორც უშუალოდ მსჯავრდებული სააკაშვილი, ასევე მისი მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ვიდეოკამერაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, მისივე უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება 18 იანვარს გამოაქვეყნა.