რატი ბრეგაძე - ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს
რატი ბრეგაძე - ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და განმარტავს, რომ არავის მიცემს უფლებას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს.

„გუშინ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, აპელირებდნენ ასევე სიკვდილზე, რომ თუ ასე გაგრძელდება, სულ მალე ის ცოცხალი აღარ იქნება, ეს ყველაფერი არის მორიგი ტყუილი. გუშინ გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა ამის საპასუხოდ განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი არის ნორმაში. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, თუ დადგება ამის საჭიროება, ბუნებრივია, გატარდება ყველა საჭირო სამედიცინო ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობას.

როდესაც ვინმე ცდილობს, გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, თითქოს მას არ ეძლევა რაიმეს შეძენის უფლება, ის შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის მივცემ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის კვალიფიციური სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით.

„აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. ის, როგორც მოშიმშილე, იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

დატოვე კომენტარი