რატი ბრეგაძე - ვადასტურებ, რომ სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეხვდა, შეხვედრა შედგა მისი თხოვნის საფუძველზე და განხორციელდა კანონმდებლობის ნორმების სრული დაცვით
რატი ბრეგაძე - ვადასტურებ, რომ სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეხვდა, შეხვედრა შედგა მისი თხოვნის საფუძველზე და განხორციელდა კანონმდებლობის ნორმების სრული დაცვით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბრეგაძის თქმით, შეხვედრა შედგა გოგაშვილის თხოვნის საფუძველზე და აღნიშნული შეხვედრა კანონმდებლობის ნორმების ზედმიწევნით დაცვით განხორციელდა.

„საქართველოში, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება იმის თაობაზე, რას საუბრობს ბატონი გოგაშვილი და ნებისმიერი სახის შეთქმულების თეორიაზე. თუ მას რაიმე სახის მტკიცებულებები აქვს, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 18 ივლისს შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.