რატი ბრეგაძე - თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, რათა მოპოვებული იყოს თავისუფლება, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ
საქმე გვაქვს გარკვეულ სიმულაციებთან, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა არის გარკვეული სიმულაციები და არსებობს შესაბამისი მტკიცებულებებიც, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, ამ დრომდე თავს იკავებდნენ მსგავსი საუბრისგან და ყოველთვის მოუწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს, დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა.
„თამამად უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად გვაქვს საქმე გარკვეულ სიმულაციებთან. ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ისე მის გარემოცვას მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და ადგილი აქვს გარკვეულ სიმულაციებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, რათა სამართლებრივი გზების გარეშე მოპოვებული იყოს თავისუფლება, იძულებული გახდებიან, გარკვეული კადრები გაასაჯაროონ.
„როდესაც რაიმეს ვსაუბრობთ, და მეც ახლა ვთქვი, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია, ვიხილოთ, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა. ასეთი არის, მათ შორის, ვიდეომასალა. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ასევე, გვაქვს გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას და ასევე, კონკრეტულად, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, რათა მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები, რომლებიც შემდგომში საზოგადოებას ნათლად დაანახებს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.