რატი ბრეგაძე - შეუსაბამოა განცხადებები, თითქოს მიხეილ სააკაშვილს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, შესაძლებელი იყო პროცესის კლინიკაში ჩატარებაც, რაზეც დაცვის მხარე არ იყო თანახმა
რატი ბრეგაძე - შეუსაბამოა განცხადებები, თითქოს მიხეილ სააკაშვილს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, შესაძლებელი იყო პროცესის კლინიკაში ჩატარებაც, რაზეც დაცვის მხარე არ იყო თანახმა

შეუსაბამოა განცხადებები, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან პროცესი შესაძლებელი იყო ასევე ჩატარებულიყო უშუალოდ კლინიკაში, რაზეც მისი დაცვის მხარე არ იყო თანახმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას, რა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხდა სასამართლო პროცესზე დისტანციურად მიხეილ სააკაშვილის ჩართვა.

„როდესაც უნდა გამართულიყო პროცესი, იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზი. გარდა ამისა, ჩვენმა წარმომადგენლებმა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს ხუთი ათას გვერდზე მეტი მასალა, რომელსაც, ბუნებრივია, უნდა გაეცნონ, მოამზადონ შესაბამისი არგუმენტები და პროცესი გაიმართება 22 დეკემბერს. იმას თუ გულისხმობთ, რომ თითქოსდა მას ვინმემ წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს იმთავითვე არის შეუსაბამო, როდესაც ვინმე ამბობს იმას, რომ თითქოსდა მას წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, იმიტომ რომ პროცესი შესაძლებელი იყო ასევე ჩატარებულიყო უშუალოდ კლინიკაში, რაზეც მისი დაცვის მხარეც არ იყო თანახმა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც თავად მსჯავრდებული სააკაშვილი თავად აცხადებდა უარს ხან სასამართლოში მისვლაზე, ხან დისტანციურად ჩართვაზე.

„იყო ტექნიკური ხარვეზი და ამის შესახებ იყო საუბარი სასამართლოზე. ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ მის სასამართლოზე დასწრებას და მისი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაკმაყოფილებას. ამას ყოველთვის ვაკეთებთ. მაშინ შეგახსენებთ იმასაც, რომ იყო გარკვეული ეპიზოდები, როდესაც თავად მსჯავრდებული აცხადებდა უარს ხან სასამართლოში მისვლაზე, ხან დისტანციურად ჩართვაზე. ასეთი იყო უამრავი შემთხვევა, და აქ კი იყო ერთი ხარვეზი. თუკი ვინმეს სურდა, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო შესრულებული, ამ შემთხვევაში შეეძლოთ, პროცესი ჩატარებულიყო კლინიკაში. 22 დეკემბერს მსგავსი ხარვეზი არ იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა. მისი თქმით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული.

„პოლიტიკურმა ოპონენტებმა კეთილი ინებონ და დაესწრონ სხდომას. ამით, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც ვერ ესწრებიან სხდომას. ვერ ბედავენ, ეტყობა, დასწრებას, იმდენად არ შეუძლიათ კითხვების მომზადება და შემდგომში პასუხის მოსმენა. გავეცი პასუხი და ნახონ, მე რაღაზე ვუპასუხო? არაფერი არ იყო აქ ღირსების შემლახავი,  ჩვენ ვთქვით კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი, მათ შორის სამართლებრივი საფუძვლები, როგორ გასაჯაროვდა. როდესაც ვინმე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის თითქოსდა ღირსების შელახვაზე, კიდევ უნდა გავიმეოროთ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ამ ადამიანის ყველა უფლება არის დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.