რატი ბრეგაძე - სასტიკი დანაშაულები ხდებოდა სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, როცა პატიმრებს მიცვალებულებზე აბამდნენ, ხელკეტებით სცემდნენ, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტებია
რატი ბრეგაძე - სასტიკი დანაშაულები ხდებოდა სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, როცა პატიმრებს მიცვალებულებზე აბამდნენ, ხელკეტებით სცემდნენ, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტებია

სხვა პატიმრებთან მიმართებაში განსხვავებული მდგომარეობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს ხელისუფლება გარკვეული პოლიტიკური მოტივების გამო გაათავისუფლებს, რასაც ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენ ვმოქმედებთ სამართლის და არა პოლიტიკური შთაბეჭდილებების შესაბამისად. სამართალი და პოლიტიკა ერთმანეთთან არის ურთიერთკავშირში, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სამართლის მიერ დადგენილ ჩარჩოებში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა სრულიად მიუღებელი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ შეფასებას, რომ მას საქართველოს ხელისუფლება არაადამიანურად ეპყრობა, აწამებს, ასევე, ზელენსკის მიერ უკრაინაში საქართველოს ელჩის გაწვევას.

„საქართველოში პატიმართა უფლებები არის დაცული, ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანის. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ, ვინმემ სისტემას ცილი დასწამოს და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს სახელმწიფო ასეთ სასტიკ დანაშაულს ჩადიოდეს. ასეთი სასტიკი დანაშაულები ხდებოდა სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც პატიმრებს მიცვალებულებზე აბამდნენ, ხელკეტებით სცემდნენ და ა.შ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტები. დღეს ეს ადამიანები ცდილობენ, მსგავსი ქმედებები ჩვენ დაგვაბრალონ, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინც არ უნდა განაცხადოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, – „შეიძლება თუ არა, კიევთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების მოტივით საქართველომ განიხილოს შემდეგი ვარიანტი, რომ სააკაშვილმა, როგორც უკრაინის მოქალაქემ, უკრაინაში მოიხადოს ალტერნატიული სასჯელი, რაზეც პასუხისმგებლობას უკრაინული სახელმწიფო აიღებს?“ – რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხებს, როგორც იუსტიციის მინისტრი.

„გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ არის არც ამ ადამიანის სასჯელისგან გათავისუფლების და არც მისთვის სასჯელის გადავადების რამე შესაძლებლობა. ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ არის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.