რატი ბრეგაძე - პოლონელი ექიმების კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი თუ დადგება, ვერ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება
რატი ბრეგაძე - პოლონელი ექიმების კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი თუ დადგება, ვერ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

რატი ბრეგაძემ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, რომ 7 თვის განმავლობაში პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ სათანადო ფორმით არ იყო წარმოდგენილი მოთხოვნა. რატი ბრეგაძის თქმით, სწორი ფორმით წარმოდგენილი განაცხადის შემდეგ, უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე სახელმწიფოს შეთავაზებიდან შვიდი თვის შემდეგ, პოლონელი ექიმები შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და აიღეს ნიმუშები.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშების წინდის მეშვეობით მალულად გატანა სცადა, რაც გაუგონარი ქმედებაა.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ჩვენ შევთავაზეთ, ჩაემოეყვანა ნებისმიერი უცხოელი ექიმი მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რომლებიც ჩაერთვებოდნენ მისი მკურნალობის პროცესში. აღნიშნული წინადადება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მსჯავრდებული არ ექვემდებარებოდა ექიმების რეკომენდაციებს, არ ემორჩილებოდა მათ. გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც ჩვენ ვეკიდებით ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გადავწყვიტეთ, მიგვეცა მისთვის შანსი, ჩამოეყვანა სასურველი ექიმი და დამორჩილებოდა მისი მკურნალობის კურსს. ამ შეთავაზებიდან 7 თვის თავზე, როგორც იქნა, შემოვიდა ადვოკატის მიერ სათანადო ფორმით წარმოდგენილი მოთხოვნა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავრჩენილიყავით ჩვენი პირობის ერთგული და 12 ივლისს განხორციელდა პოლონელი ექიმების ვიზიტი.

საზოგადოებას შევახსენებ იმ გარემოებასაც, რომ მთელი ამ 7 თვის განმავლობაში დაინტერესებული მხარე, კერძოდ, მსჯავრდებული და მისი პოლიტიკური მომხრეები, რომლებიც არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები და ანგაჟირებულები, საუბრობდნენ, თითქოსდა სახელმწიფო არ უშვებდა პოლონელ ექიმებს მსჯავრდებულთან, რაც წმინდა წყლის ტყუილია და ჩვენ, პირიქით, მათ რამდენჯერმე რჩევაც კი მივეცით, რა ფორმით უნდა წარმოედგინათ განაცხადი – უნდა ყოფილიყო მსჯავრდებულის თანხმობა, ასევე ამ ექიმებს უნდა ჰქონოდათ მინიჭებული საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო კლინიკა „ვივამედის“ თანხმობა, რადგან მათ ტერიტორიაზე უნდა შესულიყვნენ ექიმები და მათთან უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმებული. ეს ელემენტარული სამი მოთხოვნა ვერ შესრულდა შვიდი თვის განმავლობაში. როცა მათ მოიტანეს კორექტული ფორმით წარმოდგენილი განცხადება, ისინი შევიდნენ. ამ ექიმებმა აიღეს ნიმუშები კანონიერი ფორმით. მოგეხსენებათ, ექსპერტიზაც და ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა ექვემდებარება გარკვეულ სამართლებრივ ნორმებს, ნიმუშს როცა აიღებენ, თუ ის მიაქვთ ექსპერტიზაზე ან შემდგომი გამოკვლევებისთვის, უნდა იყოს სათანადო წესით დალუქული, აღებული ხელთათმანით, ყველა შესაბამისი წესის დაცვით. შემდგომში მათ ჩვენ მივეცით უფლება, ეს ნიმუშები წაეღოთ. გაუგებრობა გამოიწვია ერთმა ფაქტმა: ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშები გადაახვია ხელსახოცში და განათავსა წინდაში. იყო ლეგალურად აღებული ნიმუშები, ასევე იყო ცალკე აღებული ნიმუში, რომელიც მან გადაახვია ხელსახოცში, განათავსა წინდაში და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მალულად გატანას. ამ ადამიანს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც მან დაადასტურა როგორც ნიმუშის აღების, ასევე მისი მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.

პირდაპირ გეტყვით, ახსნა-განმარტება არავითარ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ეს იყო სრულიად გაუგონარი ქმედება და ჩვენ ვერანაირად ვერ მივხვდით, რა მიზანს ემსახურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლონეთის საელჩო იყო ერთ-ერთი რეკომენდატორი ამ ექიმებისა, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართე თხოვნით, მოესმინა საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. ორი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა მათი წარმომადგენელი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და თქვა, რომ არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ. ამ ყველაფერმა კიდევ დამატებით ბუნდოვანება შესძინა ისედაც გაუგებარ და ამოუცნობ ინციდენტს, რადგან ელემენტარულია, როცა გაგაქვს ნიმუში კანონით დადგენილი წესით, სრულიად ლეგალურად, რაში უნდა გჭირდებოდეს წინდის მეშვეობით ასეთი მალული, ყოვლად მიუღებელი და სამედიცინო ეთიკასთან შეუსაბამო ფორმით  დამატებით გატანა?“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, სპეკულაციას არ მისცენ ფართო გასაქანი.

„სწორედ ამიტომ, ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ასევე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რისთვის სჭირდებოდათ, რადგან თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.