რატი ბრეგაძე - პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის 96 აქტიური შემთხვევაა, პატიმრების 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია
რატი ბრეგაძე - პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის 96 აქტიური შემთხვევაა, პატიმრების 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია

ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში გვაქვს 96 აქტიური ინფიცირების შემთხვევა, რაც არის პატიმრების სრული რაოდენობის 1%. აქედან, 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“ და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძე სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას სთხოვს, წარმომადგენლები გაუშვან და პატიმართა მკურნალობის პროცესს გაეცნონ.

„აქვე უნდა ვთქვათ, რომ პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და 70%-ზე მეტი პატიმრების სრული რაოდენობისა არის ვაქცინირებული. აქვე განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%-ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დეტალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია და ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმართა მკურნალობის პროცესი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, პატიმრებს პისიარტესტი თვეში ორჯერ უტარდებათ.

„პატიმრები იტესტებიან პისიარტესტის საშუალებით თვეში ორჯერ და თუ გამოვლინდება შემთხვევა, შემდგომში ხდება კიდევ უფრო ხშირი რეჟიმით ტესტირება, რომ მაქსიმალურად იყოს აცილებული გავრცელება. რაც შეეხება ადვოკატებს, ადვოკატები ბუნებრივია წინასწარ არიან ინფორმირებული ყველა იმ წესის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვიზიტი და ამის შესახებ მათ სრულად აქვთ ინფორმაცია. რაც შეეხება ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას, ბუნებრივია, ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ და თუ არსებობს რომელიმე ცალკეული შემთხვევა და რომელიმე წესი არის დარღვეული, ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ბრეგაძემ.