რატი ბრეგაძე - მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება
რატი ბრეგაძე - მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი საჭიროებს რეგისტრაციას.

„ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება“, – აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მიწის ფონდის რეგისტრაციის პროცესი სრულად დასრულდება, აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა“. მისივე თქმით, მიწის რეგისტრაციის გამარტივებულმა პროცედურებმა და უფასო სარეგისტრაციო მომსახურებამ მოსახლეობისთვის მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა.