რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები და არიან მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები, ვურჩევთ, თავი შეიკავონ, ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე
რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები და არიან მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები, ვურჩევთ, თავი შეიკავონ, ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე

ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ყველა ქმედება იქნება ადეკვატური და ჩვენი ინტერესია მხოლოდ ის, რომ პატიმრის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხეს ექმნებოდა, რის შემდეგაც უწყებამ გადაწყვიტა, გაევრცელებინა განცხადება, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შესულიყო.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები იყო ნორმალურ მდგომარეობაში.

„აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპონენტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნიდით და იძულებით ვამყოფებდით ამ მდგომარეობაში. შესაბამისად, ეს ხალხი, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა, ბუნებრივია, არ ფიქრობდა არც მისი ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, არც საზოგადოების, პირიქით, შეგნებულად ცდილობდნენ, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, გამოეწვიათ მღელვარება. საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები იყო ნორმალურ მდგომარეობაში.

ხაზგასმით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენი ყველა ქმედება იქნება ადეკვატური. ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები და ამ შემთხვევაში, მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები არიან, ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.