რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ბუნებრივია, ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის
რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ბუნებრივია, ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზისთვის გადაყვანის თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს არ მიუღია.

ბრეგაძის განმარტებით, მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაშიც, უარის საფუძველი არსებობს.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროც ჩაუტარებს ექსპერტიზას, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვის ნიშნები.

,,ამის შესახებ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ვთქვი, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნა, ოფიციალური დოკუმენტაცია საქართველოში არ შემოსულა. რომც შემოვიდეს, ამ შემთხვევაში არსებობს უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის.

ნებისმიერი სახის ვარაუდებზე ვერც ერთ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით ერთი რამე, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება კლინიკა „ვივამედში“, გადის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს, მუშაობს ექსპერტიზა ცენტ „ემპათიის“ ჩართულობით. როდესაც ისინი დადებენ ოფიციალურ დასკვნას, შემდეგ შეიძლება საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შორის ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მივმართეთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ცენტრს და ისინიც ჩაატარებენ ექსპერტიზას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი ჩაატარებენ სრულ და კომპლექსურ ექსპერტიზას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.