რატი ბრეგაძე - კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვაც კი არ თქმულა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა
რატი ბრეგაძე - კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვაც კი არ თქმულა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ყველა დაპირება, რაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის იქნა გაცემული, შესრულებულია.

რაც შეეხება სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატის განცხადებებს, თითქოს იუსტიციის მინისტრი თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მინისტრის თქმით, სიცრუეა და ამის შესახებ საუბარი კონსილიუმისა და მულტიფუნქციური ჯგუფების შეხვედრებზე საერთოდ არ ყოფილა.

„კონსილიუმის წევრებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე სიტყვაც არ თქმულა, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული გადაყვანილი. კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას იტყვიან და მერე არ ასრულებენ. პირიქით – ყველა ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, რაც ვთქვით, მთელი ამ პროცესის დაწყებიდან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვერავის მისცემს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას.

„როდესაც ვრცელდება მსგავსი ტყუილი, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საზოგადოებას. ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული „ქრონიკა“, რომელმაც ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები გლდანის ციხესა და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში.

„ასე ექცეოდნენ ეს ადამიანები სხვებს, პატიმრებს, მათ ღირსებას და დღეს ისინი ჩვენ გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ამას სჭირდება ღირსეული პასუხი საზოგადოების მხრიდან, და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პასუხს აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილის უფლებრივ და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული პროცესი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩართულობის ხარისხი ამ პროცესში ძალიან მაღალი ყოფილიყო და საზოგადოებას თავად ჰქონოდა საშუალება, თვალი მიედევნებინა მოვლენების განვითარებისათვის.

იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ასევე განაცხადა, რომ კონსილიუმმა, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი დონის ექიმები, გუშინ პირადად მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადო დასკვნა, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„პატიმარ სააკაშვილის შემოსახლებიდან ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია, მისი, როგორც ნებისმიერი პატიმრის, უფლება იყოს დაცული და ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ამისათვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან: ნინო ლომჯარია, ეკატერინე ტიკარაძე, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე… შემდგომი ნაბიჯი უკვე იყო ის, რომ ჩამოყალიბდა კონსილიუმი, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი ავტორიტეტის ექიმები, რათა მუდმივ რეჟიმში განხორციელდეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა. ასევე, გაიმართა შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა კონსილიუმის წევრებთან შედგა 19 ოქტომბერს და დაიდო ერთი დასკვნა, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა კონსილიუმის გუშინდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას.

„კონსილიუმმა, ასევე, გუშინ მოინახულა პატიმარი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაიდო დასკვნა, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრომ უპრეცედენტო ზომები მიიღო პატიმრის ჯანმრთელობის დაცვისა და ამ მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის.

„თამამად შეიძლება ითქვას – ეს იყო უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.