რატი ბრეგაძე - იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია
რატი ბრეგაძე - იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია

იუსტიციის სახლი დღეს სრული კეთილგანწყობით და ერთი ფანჯრის პრინციპით, მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს 450-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

„ეს არის წინა ხაზი, რომელიც მომხმარებელს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაახლოებით 8 700 თანამშრომლის მიერ მომზადებულ პროდუქტს აწვდის და უწყების მიზანია, ამ სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ვითარდება თანამედროვე უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებული და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სახლის სერვისების სრული ხელმისაწვდომობისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეიქმნა „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი.

მისი თქმით, დღეს ყველა სოფელს, რომელიც მოქმედი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუძლია.

ბრეგაძის განცხადებით, სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსები მიდიან და ადგილზე, პრაქტიკულად, საკუთარ ეზოსთან ემსახურებიან მოქალაქეებს და აწვდიან ყველა იმ სერვისს, რისთვისაც ადრე სხვა სოფელსა თუ ქალაქში უხდებოდათ გამგზავრება.

„მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით მოსახლეობას შეუძლია, ზედმეტი დროის, ენერგიისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე, ადგილზე ეფექტიანად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.