რატი ბრეგაძე - ინოვაციური მოწყობილობის, პრობბოქსის ექსპორტი და პრობაციის ევროპული კონფედერაციის ინოვაციების კონკურსზე გატანა იგეგმება
რატი ბრეგაძე - ინოვაციური მოწყობილობის, პრობბოქსის ექსპორტი და პრობაციის ევროპული კონფედერაციის ინოვაციების კონკურსზე გატანა იგეგმება

საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის, პრობბოქსის ექსპორტი და პრობაციის ევროპული კონფედერაციის ინოვაციების კონკურსზე გატანა იგეგმება – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირობით მსჯავრდებულები პრობბოქსის საშუალებით იმ მომსახურებებს მიიღებენ, რომლებიც მათთვის აქამდე მხოლოდ პრობაციის ბიუროებში გამოცხადებით იყო ხელმისაწვდომი.

„კერძოდ, პრობბოქსის გამოყენებით პრობაციონერები პირად გვერდზე შესვლის რეჟიმით გათვალისწინებულ გრაფიკს, საქმისმწარმოებელი პრობაციის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებს გაეცნობიან. თავად გააკეთებენ განაცხადს რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნასთან დაკავშირებით, გაეცნობიან თავიანთ უფლება-მოვალეობებს, მიიღებენ ინფორმაციას საზღვრის კვეთასთან და დადგენილ საფასურთან დაკავშირებით, გაეცნობიან პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ დაწესებულ მოთხოვნებს, შეძლებენ, გადაიხადონ რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა. ასევე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვისა და შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდასაც შეძლებენ და გაეცნობიან შეთავაზებებს სხვადასხვა სერვისსა თუ დასაქმების შესახებ, რომელსაც სააგენტო სთავაზობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ევროპაში ანალოგის არმქონე მოწყობილობის შექმნის წინაპირობებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობბოქსის შექმნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა, ძირითადი პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის კონფიდენციალურობის დაცვა, სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული მაღალტექნოლოგიური მომსახურებების განვითარება.