რატი ბრეგაძე - ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თუ დადგება, სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ყველაფერი გაკეთდება, რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი
რატი ბრეგაძე - ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თუ დადგება, სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ყველაფერი გაკეთდება, რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თუ დადგება, გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მკურნალობა შურისძიება არის?, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ადვოკატების განცხადებებს, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილი არ იქნება იზოლირებული, დაცული და ეს მმართველი გუნდის მხრიდან შურისძიებაა.

როგორც რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ პატიმრის უფლებები დაცული იყოს.

„საიდან იცით, რომ არ იქნება იზოლირებული სხვა პატიმრებისგან და არ იქნება დაცული. როდესაც აცხადებთ, რომ ვერ იქნება უზრუნველყოფილი და ამას მტკიცებით ფორმაში მეკითხებით, მაშინ უნდა მოიყვანოთ ჯერ იმის მტკიცებულება, რომ ვერ იქნება მისი უსაფრთხოება სათანადო წესით დაცული და შესაბამისად, ბუნებრივია, შემდეგ მიიღოთ კითხვაზე პასუხი. გუშინაც ვთქვი და რამდენჯერმე გავიმეორე, იმ შემთხვევაში თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ეს არის სამკურნალო დაწესებულება. მკურნალობა შურისძიება არის? რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, პირადად არ მომისმენია, ვეყრდნობი თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი არის, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა – სტაბილური. ამ მიზნით, სწორედ ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არის, მათ შორის ქალბატონი სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება ექიმებისგან, შედგა კოსნილიუმი, ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე სერიოზული სახის კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც აუცილებელი არის მისი უსაფრთხოებისთვის, ყველაფერი იქნება გაკეთებული. ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას წინაშე იქნება აბსოლუტურად თანასწორი.

გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღება ინდივიდუალურ შემთხვევაში და ეს ინდივიდუალური შემთხვევა გულისხმობს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვას. არსებულ დაწესებულებას შეუძლია, რომ მართოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერი. არსებობს დადგენილი წესები, თუ როგორ ხდება პატიმრის გადაყვანა ჰოსპიტალში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ პრემიერი საუბრობს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც ესაჭიროება მოშიმშილე პატიმარს მართვა. თუკი დადგება ამის საჭიროება, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ძალიან გთხოვთ, ნუ დაიწყებთ რაიმე შეთქმულების თეორიის ძებნას. აბსოლუტურად ყველა მოქმედება არის კანონთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.