რატი ბრეგაძე - გერმანიასთან დარგობრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას
რატი ბრეგაძე - გერმანიასთან დარგობრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ანჟელიკა შლუნკს შეხვდა.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი პირველად ტარდება. საქართველო-გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს ბერლინში რატი ბრეგაძის გერმანელ კოლეგასთან, მარკო ბუშმანთან შეხვედრის დროს.

რატი ბრეგაძემ ანჟელიკა შლუნკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი და შეუქცევადი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და 12 პრიორიტეტის შესრულებაში.

ბერლინში გასულ წელს საქართველო-გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოში რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციის ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრს, ბენიამინ ლიმბახს და გერმანულ დელეგაციას უმასპინძლებს. შეხვედრის თემა პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომლობის საკითხები იქნება.