რატი ბრეგაძე - FARA-ს წყალობით ვიხილეთ, რომ კამპანია სააკაშვილის გასათავისუფლებლად იყო დიდი თანხებით დაფინანსებული, ეს კამპანია იყო ტყუილზე დაფუძნებული, დღევანდელი დღე არის ამის დასტური
ყველამ დავინახეთ, რომ მთლიანი ეს კამპანია, რომელშიც, მათ შორის, საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პოლიტიკოსებიც, იყო ტყუილზე დაფუძნებული და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სარჩელი, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, არ არის პირველი სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და მანამდე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ორი სარჩელი იყო შეტანილი.
„ერთი, მოგეხსენებათ, შიმშილობის ცნობილ ეპიზოდს ეძღვნებოდა და შემდგომში სასამართლომ ამორიცხა წარმოებიდან. მეორე 18 აპრილს იყო, როდესაც სააკაშვილმა თავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ამოერიცხათ წარმოებიდან მისი სარჩელი. თუმცა, აქ შემდგომში ვიხილეთ ისევ პოლიტიკური რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, კვლავ მოითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით. არადა, ერთი კვირით ადრე სააკაშვილმა თავად მიმართა თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სტრასბურგის სასამართლოს, რომ ამოერიცხათ მისი სარჩელი და მიუთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ძალიან ხშირად ეს ყველაფერი არის ტენდენციური. ჩვენ, ასევე, კარგად ვიხილეთ იმავე FARA-ს წყალობით, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა, პირობითად, სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იყო ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული. ყველას ახსოვს, ტელევიზიებიც როგორ აშუქებდნენ ამას, გადაცემები იწყებოდა FreeMisha-თი და გრძელდებოდა. მაგრამ როგორც ყველამ დავინახეთ, მთლიანი ეს კამპანია, რომელშიც, მათ შორის, საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პოლიტიკოსებიც, იყო ტყუილზე დაფუძნებული და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.