რატი ბრეგაძე - ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, დასჯადი იყოს
რატი ბრეგაძე - ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, დასჯადი იყოს

ევროპულმა სასამართლომ, ასევე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე, მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პრეტენზია, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა.

„ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა, აგრეთვე ორივე საქმის ფარგლებში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა. ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს. რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ  დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.