რატი ბრეგაძე - ევროკომისრის მიერ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის ფაქტის ხსენება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია
რატი ბრეგაძე - ევროკომისრის მიერ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის ფაქტის ხსენება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია

პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, რადგან ტოვებს ინტერპრეტაციის ძალიან დიდ სივრცეს და შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ჩაუყაროს საფუძველი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის საუბარში ევროკომისრის მიერ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის ფაქტის ხსენება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია.

„პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ ევროკომისართან და იქ გაიჟღერა ფიცოსთან დაკავშირებულმა გზავნილმა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელი. რბილად რომ ვთქვათ, ასე მეგობრებს ნამდვილად არ ესაუბრებიან. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სლოვაკეთში. ფაქტობრივად, ადამიანის მიმართ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს იმის, რომ მსგავსი ტიპის განცხადების გამართლება ვეძებოთ, პირადად ძალიან გამიჭირდება რაიმე სახის არგუმენტის პოვნა, რომ ასეთი ტიპის საუბარში მოყვანილი იყოს მსგავსი ტიპის განცხადება, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ისეთ მაგალითზე, სადაც საუბარი იყო მკვლელობის მცდელობაზე გარკვეული პოლიტიკური ნიშნით. არ აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნითაც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

წამყვანმა იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ვარჰეის განცხადება მუქარას, რაზეც ბრეგაძემ განაცხადა, რომ ევროკომისრის განცხადება ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„მე არ მითქვამს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მუქარას, მაგრამ პირდაპირ ვთქვი და განვმეორდები, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის განცხადება, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკურმა დაძაბულობამ, შესაძლებელია, მსგავსი ესკალაცია გამოიწვიოს, ძალიან ფართო ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, რადგან ტოვებს ინტერპრეტაციის ძალიან დიდ სივრცეს და შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ჩაუყაროს საფუძველი“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

აღნიშნულ განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა. ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.