რატი ბრეგაძე - ერევანში წარვადგინეთ მობილური იუსტიციის სახლი PROBBOX, გავაცანით, როგორ ხორციელდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია
რატი ბრეგაძე - ერევანში წარვადგინეთ მობილური იუსტიციის სახლი PROBBOX, გავაცანით, როგორ ხორციელდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია

ერევანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა, თამარ ტყეშელაშვილმა და ბუბა ლომუაშვილმა სომხური მხარისთვის საქართველოს წარმატებული რეფორმების მასშტაბური პრეზენტაცია გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ მრავალრიცხოვან აუდიტორიას ქართული ინოვაციები – მობილური იუსტიციის სახლების, PROBBOX-ისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა წარუდგინა.

„გავაცანით ჩვენს სომეხ კოლეგებს ის ქართული რეფორმები, რომელთაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო ბოლო პერიოდში. კერძოდ, წარმოვადგინეთ მობილური იუსტიციის სახლი, ასევე სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტი, როგორიც არის PROBBOX, გავაცანით, როგორ ხორციელდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის თქმით, სომხური მხარისთვის ქართული ინოვაციები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მათი სომხეთში დანერგვისთვის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით საქართველოს დელეგაციამ სომხური მხარე თბილისში მოიწვია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა აუდიტორიას PROBBOX წარუდგინა. მისი განცხადებით, ქართული მხარე მზად არის, სომხეთს დაეხმაროს პრობაციის სისტემის დანერგვაში. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაცია გამართა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა პირადად შეამოწმა მობილური იუსტიციის სახლების ავტომობილები და ქართულ ნოვაციას „ძალიან შთამბეჭდავი“ უწოდა.

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება საჯარო მომსახურების სფეროში. მაგრამ როცა ქართველმა კოლეგამ მითხრა ახალი იდეის შესახებ, რაც გულისხმობდა რეგიონებში მობილური იუსტიციის სახლების დანერგვას, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი. მე ვერც წარმოვიდგენდი, რამდენად კარგი ინიციატივა იქნებოდა ეს ხალხისთვის. ეს არის სრულყოფილი მომსახურება ნებისმიერი მოქალაქისთვის ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში. იმედი მაქვს, შევძლებთ ეს იდეა ჩვენთანაც დავნერგოთ“, – განაცხადა კარენ ანდრესიანმა.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი სომხეთში 28 იანვარს დასრულდება.

დატოვე კომენტარი