რატი ბრეგაძე - ძალაშია რამდენიმე თვის წინ გაკეთებული ჩვენი შეთავაზება, რომ შეეძლოთ, სააკაშვილთან ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან
რატი ბრეგაძე - ძალაშია რამდენიმე თვის წინ გაკეთებული ჩვენი შეთავაზება, რომ შეეძლოთ, სააკაშვილთან ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ბრეგაძის თქმით, აღნიშნული შეთავაზება იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, რაზეც პასუხი არ მიუღია და შეთავაზება დღემდე ძალაშია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით უწყებასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, რომ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთან არ ყოფილა არავითარი კომუნიკაცია ამ საკითხზე. შეთავაზება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ძალაშია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ჩამოიყვანონ და ჩართონ მკურნალობის პროცესში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტრომ განცხადება 3 მარტსაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო: „საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა. რატი ბრეგაძემ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა“.