რატი ბრეგაძე - ჩვენი მხრიდან გაკეთდა ჰუმანური შეთავაზება, რომლის მიზანიცაა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული
რატი ბრეგაძე - ჩვენი მხრიდან გაკეთდა ჰუმანური შეთავაზება, რომლის მიზანიცაა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული

ჩვენი მხრიდან გაკეთდა ჰუმანური შეთავაზება, რომლის მიზანიცაა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული. ეს არის ჩვენი ერთადერთი მიზანი. დანარჩენ დეტალებზე ბუნებრივია, დაგვჭირდება პირველ რიგაში თანხმობა და შემდგომში იგი იქნება გადაყვანილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველა გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიიღება აბსოლუტურად დროულად და ეს არის თავიდან ბოლომდე ჰუმანური ნაბიჯი. მე ხაზგასმით ვთქვი, რომ ყველა სამედიცინო სერვისი, რომელიც ესაჭიროებოდა მიხეილ სააკაშვილს, მას ის მიეწოდა და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ამისათვის ჩვენს ექიმებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თემას და გორის ჰოსპიტალთან შესაძლო აქციების გამართვას, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, როგორც მსჯავრდებულის გადაყვანისას, ასევე მისი ჰოსპიტალში ყოფნისას, მოქმედება იქნება ადეკვატური.

იუსტიციის მინისტრმა აქვე მოუწოდა ოპონენტებს, უარი თქვან პროვოკაციებზე, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ასევე პატიმრის უსაფრთხოებას.

„შეკრების უფლება არის ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ჩვენ არ ვერევით ამ საკითხებში ბუნებრივია. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის დასავლური ოჯახისკენ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, როგორც გადაყვანისას, ასევე მისი ჰოსპიტალში ყოფნისას ბუნებრივია, აქ მოქმედება იქნება ადეკვატური. მოვუწოდებთ ოპონენტებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან, როგორც გადაყვანის პროცესში, ასევე ბუნებრივია, პატიმრის გორის ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში, რათა არ შეეშალოს ხელი ექიმების მუშაობას და ამით იყოს მისი ჯანმრთელობის უფლება ბოლომდე უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენ ვმოქმედებთ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, შეთავაზების გადაწყვეტილება მიღებულია პატიმრისა და ასევე სხვა მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე.

„რა დროც იქნება საჭირო მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის, ის ამ დროში იქნება გადაყვანილი. ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, ბუნებრივია ყველა იმ დეტალზე რომელიც შეეხება უსაფრთხოებას, არ ვისაუბრებთ, თუმცა გეუბნებით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იმ სხვა ადამიანების და ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს შიმშილობენ, ეს არის და სწორედ ეს უსვამს ხაზს იმ ჰუმანურ ბუნებას, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანა საჭიროებს პატიმრის თანხმობას.

„ეს არის ოფიციალური შეთავაზება. მთელი ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც კი იქნება მიღებული მის მიერ გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა გადავიდეს გორის სამხედრო ჰისპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა. როდესაც იქნება თანხმობა მისი მხრიდან, დაიგეგმება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომ პატიმარი უსაფრთხოდ იქნას გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, ისიც, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, ეს მოხდა პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით. მისივე განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან გარეთ, კლინიკაში გადაყვანისთვის კი, თავად პატიმრის თანხმობაა საჭირო.

„როდესაც ხდება ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური და თუ მოიყვანთ თქვენ რომელიმე მუხლს და დამისაბუთებთ იმას, რასაც მე ვამბობ, ეს არ არის სიმართლე, მაშინ სხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ ნუ ურევთ ერთმანეთში ორ სხვადასხვა რამეს, აქ არის საუბარი პენიტენციური დაწესებულების გარეთ, კლინიკაში გაყვანა და ამას სჭირდება მისი თანხმობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძდემ.

მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ასევე მისი უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული.

რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და შიმშილობის შეწყვეტა არის თავად პატიმრის გადასაწყვეტი.

„ჩვენ ვეხმარებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გადაგვყვას ის გორის ჰოსპიტალში, ვთავაზობთ ამ გადასვლას, დანარჩენი უკვე დამოკიდებულია მის თანხმობაზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.