რატი ბრეგაძე - ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენი სურვილია, პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია
რატი ბრეგაძე - ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენი სურვილია, პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია

თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის იმყოფება კერძო კლინიკაში. სჭირდება მკურნალობა? სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ იყოს რაც შეიძლება ცუდად, რათა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.