რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მიიღოს
რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მიიღოს

კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დასკვნაში საუბარია მულტიპროფილურ დაწესებულებაზე და მე-18 დაწესებულება მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„რაც შეეხება ექიმთა კონსილიუმს, რომელშიც წარმოდგენილი არიან საზოგადოებისთვის ძალიან ავტორიტეტული ექიმები, შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა. პირველად, როდესაც რეკომენდაციები გასცეს, ეს იყო თუ არ ვცდები 13 ოქტომბერს, შესრულებულია. რეკომენდაციები ეხება გარკვეულ მედიკამენტურ მკურნალობას. ბუნებრივია, ამ დეტალებზე არ ვიმსჯელებთ. ბოლო დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის. საუბარია შემდეგზე – თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შეთხვევაში, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარია სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შეესაბამება თუ არა კონკრეტულად იმ განსაზღვრულ სტანდარტებს დაწესებულება, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, რატი ბრეგაძემ აღნიშნა:

„გუშინ ვიმყოფებოდით პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, ის გადაყვანილი იქნება ამ დაწესებულებაში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კლინიკას, შეგიძლიათ გაესაუბროთ შესაბამის სპეციალისტებს. ექიმებისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ამაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს საავადმყოფო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო. ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში ამ ეტაპზე არის ექიმი-რეანიმატოლოგი.

„ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან. ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში. აქ ასევე ჩართულია ნინო ლომჯარია. რაც შეეხება მის დასკვნას, მანდ ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო. ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე, „ციხეში ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ“ შეკითხვასაც უპასუხა.

„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია. თუ დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და მისი ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში, უნდა გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.