რაში ადანაშაულებენ ნიკოლა სარკოზის
რაში ადანაშაულებენ ნიკოლა სარკოზის

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს. მისი მთავარი კონკურენტი სეგოლენ რუალი იყო. საფრანგეთის ექს-ლიდერი სწორედ 2007 წელს ჩატარებული კამპანიის გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პოლიციამ ნიკოლა სარკოზი პარიზის სიახლოვეს, ნანტერის კომუნაში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. მას 2013 წელს დაწყებული გამოძიების შესახებ კითხავენ, რაც 2007 წელს ჩატარებული საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხება.

გამოძიების მიხედვით, საკროზიმ ამ პერიოდში ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფისგან სოლიდური თანხა უკანონოდ მიიღო. სწორედ ამ დროს, კადაფის შვილმა სეიფ ალ ისლამმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან მოითხოვა, რომ სარკოზიმ ლიბიის მეთაურისგან ფინანსური დახმარების მიღება აღიაროს. ამ განცხადებას საფრანგეთში ჟურნალისტური გამოძიებების ტალღა მოჰყვა. თავად სარკოზიმ ყველა ბრალდება არაერთხელ უარყო.

დამოუკიდებელ ინტერნეტ პორტალ Mediapart-ის ცნობით, სარკოზის კორუფციაში, გავლენით ვაჭრობაში, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

შარშან ოქტომბერში, ფრანგული გამოცემა Parisein-მა გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის პროკურატურამ სარკოზის საქმის სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვა.

ჟურნალისტების ცნობით, სარკოზის ტელეფონი დიდი ხნის მანძილზე ისმინებოდა. 2014 წელს საფრანგეთის ექსპრეზიდენტი მისი ადვოკატის დახმარებით საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს ყოფილი პროკურორისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დეტალების მიღებას ცდილობდა. სარკოზის ასევე სურდა დაებრუნებინა სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული პირადი ჩანაწერები.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ 2018 წლის იანვარში ლონდონში ფრანგი ბიზნესმენი ალექსანდრ ჟური დააკავეს. ის სარკოზის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჟიური 2009 წელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მაქინაციებში იყო ჩართული. კერძოდ, მან საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ფეშენებელური აგარაკი ლიბიელ მაღალჩინოსანს ბაშირ სალეჰის სახელზე გადააფორმა. სალეჰი ლიბიის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და კადაფის თანაშემწე იყო.

რა ემუქრება ექსპრეზიდენტს

ფრანგული გამოცემა Lintemaute იტყობინება, რომ პოლიციას აქვს უფლება, სარკოზი 48 საათით დააკავოს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ან გაათავისუფლებენ, ან ის წარდგება სასამართლოსა და პროკურატურის წინაშე. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სარკოზის უკანონო ქმედებების მტკიცებულებები უტყუარია, მაშინ საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

საინტერესოა, რომ საფრანგეთის ყოფილ ლიდერს კიდევ რამდენიმე უკანონო ქმედებაში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, სარკოზის დასდეს ბრალი კომპანია Loreal-ის დამფუძნებლის ლილიან ბეტანგურისგან საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად სახსრების მოტყუებით მიღებაში. თუმცა, ეს საქმე 2013 წელს მტკიცებულებების სიმცირის გამო დახურეს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და მის პარტიას ასევე ადანაშაულებენ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ინფორმაციის დამალვაში. „პიგმალიონის“ საქმეში ასევე ფიგურირებს სარკოზის 2012 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და კიდევ 13 თანაპარტიელი.

წელს აპრილში კი ბრიტანულმა Telegraph-მა გაავრცელა ცნობა, რომ სარკოზიმ ქრთამი მიიღო ყატარის ხელისუფლებისგან, სანაცვლოდ კი საფრანგეთმა ამ ქვეყანაში 2022 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებას მხარი დაუჭირა.