რასა იუკნევიჩიენე - საქართველოში მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ
საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო პუტინის მარიონეტად გარდაიქმნება.
„საქართველო გახლავთ უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენ ვდგავართ ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოდ დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში შორდებოდა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, თუმცა უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, სათავე დაუდო საქართველოს დაღმასვლას, სასტიკ რეპრესიებს, ძალადობას, დაკავებებს – ეს ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდანაა. ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო გარდაიქმნება პუტინის მარიონეტად.
ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ თავისუფლების მოყვარე ქართველებისთვის, არამედ ეს ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს დებიძინიზაცია გახლავთ ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.