რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს მთავრობა თუ ისე მოიქცევა, როგორც დღემდე იქცეოდა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, მოიგონ არჩევნები
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს მთავრობა თუ ისე მოიქცევა, როგორც დღემდე იქცეოდა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, მოიგონ არჩევნები

საქართველოს მთავრობა თუ ისე მოიქცევა, როგორც დღემდე იქცეოდა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, მოიგონ არჩევნები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბევრი დაკარგეთ ამ მთავრობის გამო. ყველაფერი იყო ამ მთავრობის ხელში. დიდი ხანია, ვამბობ – მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ევროკავშირის წევრობა, რადგან მისი და მისი პარტიის ქცევა დღემდე ყველაფრის საწინააღმდეგო იყო, ყველაფრის, რაც შეიძლებოდა საქართველოს დახმარებოდა, მიეღწია კანდიდატის სტატუსისთვის გასულ წელს.

ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაეხმარება საქართველოს ცვლილებებში, რომ იგი არ დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა მოიქცევა იმის მსგავსად, როგორც დღემდე იქცეოდა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, მოიგონ არჩევნები მომავალ წელს. ეს გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს სურს წელს კანდიდატის სტატუსის მიღება. მისთვის ნათელია, რომ ეს არჩევნების მოგებაში დაეხმარება და საქართველო კვლავ დაიწყებს მოძრაობას რუსეთის მიმართულებით და არა ევროკავშირის მიმართულებით, თუ თქვენს ქვეყანაში არაფერი შეიცვალა.

პირველი გამოსავალია, მთავრობამ შეცვალოს დამოკიდებულება დემოკრატიული ცხოვრების გზასთან მიმართებაში; და მეორე – საქართველოს მოსახლეობამ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ცდილობენ, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი და არა რუსეთთან კავშირის ნაწილი, უნდა გაიაზრონ, რომ შეუსაბამოა ხმის მიცემა ისეთი მთავრობისთვის, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიდის. მხოლოდ ეს ორი გამოსავალია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.