რასა იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხიც შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც უნგრელებმა გააკეთეს
ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული. ყველაზე კრიტიკული კანდიდატ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს.
მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ მისი მოსაზრების გამო.
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამო, ესეც „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციაა ჩემ შესახებ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე აქ, რომელიც თითქოსდა საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. არა, მე არ ვარ საქართველოს წინააღმდეგი, საქართველოს მეგობარი ვარ, მაგრამ სხვა მომხსენებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან ზოგჯერ ჩემზე კრიტიკულებიც არიან. ამჯერად დებატებიც კი არ ყოფილა. ადამიანებმა ისაუბრეს და ერთ აზრზე იყვნენ, გარდა ერთი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებით. ესენი კარგად ნაცნობი პრორუსი პოლიტიკოსები არიან და გასაკვირი არ არის, რომ სხვა მოსაზრება ჰქონდეთ.
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მეგობარი ვიქტორ ორბანი იყო. მან მწარედ წააგო არჩევნები. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევაა. ევროკავშირის „ორბანიზაცია“ არ მოხდა. დიახ, არიან სხვა ქვეყნებიც და ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ცდილობს მათთან მუშაობას, რომ ნახეთ, საქართველო ასეთი მნიშვნელოვანია ევროპისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი სანქციების ქვეშაა, ენერგოპოლიტიკა, ყველაფერი… ისინი იყენებენ ამ კარტს, მაგრამ საქართველო აღარ არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ახლა სომხეთი ხდება რეგიონში ლიდერი დემოკრატიის მხრივ. ისინი უკვე იბარებენ ევროკავშირის დროშას საქართველოსგან. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სომხების მხარდაჭერა, რადგან ეს მათი იმედიც არის, რომ რეგიონში სულ არ დაიკარგოს ევროპული მიდგომა. სომხები ახლა საქართველოს სახელითაც მუშაობენ, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი გახადონ. სამწუხაროდ, საქართველო ახლა ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არავინ. არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ევროპული ცხოვრების წესისთვის უკრაინელების გმირული ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, იმედი აქვს, „ქართველი ხალხიც შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს“.
„ქართველი ხალხი თუ დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო. თქვენ ახლა ბიძინა ივანიშვილის მესამე ვადა გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი რეჟიმია საქართველოში, მაგრამ რა მოხდა უნგრეთში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, გაერთიანდნენ და მისცეს ნათელი ალტერნატივა უნგრელ ხალხს არჩევნების დროს. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხიც შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.