რას ითვალისწინებს ტურისტულად აქტიური დასახლებების მართვის ახალი მოდელი 
რას ითვალისწინებს ტურისტულად აქტიური დასახლებების მართვის ახალი მოდელი 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდა.

სამინისტრო განმარტავს, რომ მსგავსი მოდელის შემუშავება განაპირობა კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რომლებიც მეტწილად გამოწვეულია თვითმმართველობებში არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით.

სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, რას ითვალისწინებს მართვის ახალი მოდელი.

„სამინისტროს მიერ შემუშავებული მოდელის სამართლებრივი საფუძვლისთვის მომზადდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გაიზიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე. ეს სერვისებია – ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. ამასთან, სსიპ-ს მიეცემა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრობების გამართვის ორგანიზება, საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვა.

ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, მსგავსი უფლებებით აღჭურვილი მართვის ორგანო აუცილებელია ისეთი ტიპის საკურორტო თუ ტურისტულად აქტიური დასახლებებისთვის, როგორებიცაა ბაკურიანი, გუდაური, უშგული, ბახმარო, ურეკი, თუშეთი და სხვა.

დასახლებებს, სადაც უნდა ამოქმედდეს მართვის ახალი მოდელი, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო სსიპ-ის დაფუძნების საკითხს დამოუკიდებლად გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი.

ამასთან, მუნიციპალიტეტების უფლება შექმნან სსიპ-ები იმოქმედებს 2030 წლამდე, რის შემდეგაც გადაიხედება ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება.

მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესასრულებლად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ ფუნქციის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის, რაც ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია.