რას იხსენებს ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი - შინაგან ვგრძნობდი, რომ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით არაფერი კარგი არ იგეგმებოდა
რას იხსენებს ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი - შინაგან ვგრძნობდი, რომ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით არაფერი კარგი არ იგეგმებოდა

შინაგან ვგრძნობდი, რომ არაფერი კარგი არ იგეგმებოდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ მიზანშეწონილად ჩავთვალე, მოკლეტექსტური შეტყობინება გამეგზავნა ბადრი პატარკაციშვილის მაშინდელი კომენტანტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბარში ურეკის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ჯემალ შამათავამ განაცხადა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საქმეში ფიგურირებს და რომლის უკანონოდ დაკავებასაც ედავება გამოძიება კუდ-ის ორ ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ქოქიაშვილს და ილია გამგებელს.

კერძოდ, საუბარია ბადრი პატარკაციშვილის საქმის ეპიზოდზე, როდესაც გამოძიების ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ბიზნესმენზე თავდასხმა დაიგეგმა.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი იხსენებს, როგორ გააცნეს მას პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის გეგმა, რის შესახებაც მან ბიზნესმენის დაცვას მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობა.

შამათავას თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, მის წინააღმდეგ ანგარიშსწორება, რასაც გამოგონილი ბრალდებით მისი დაკავება მოჰყვა.

„2006 წელს აჭარის კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა, თემურ პატარიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ღონისძიებას ატარებდა ურეკში ბადრის სახლთან და სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა საგუშაგო, რომელიც განლაგებული იყო ბადრის სახლთან. ვუთხარი, რომ ადგილზე არ ვიმყოფებოდი და ჩამოვიდოდი. თუმცა მან მითხრა, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭირო არ იყო. დავურეკე ჩემს მოადგილეს, ბადრი კორძაძეს მივეცი დავალება, რომ ბადრის სახლიდან საგუშაგო მოეხსნათ, თან დავავალე, სიტუაცია გაეკონტროლებინათ, რა ხდებოდა. შინაგან ვგრძნობდი, რომ არაფერი კარგი არ იგეგმებოდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ მიზანშეწონილად ჩავთვალე, მოკლეტექსტური შეტყობინება გამეგზავნა მაშინდელი კომენტანტისთვის, მივწერე: „სტუმრები ჰყავს და ფრთხილად იყავით“, – აღნიშნა შამათავამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მისი მისამართით მუქარა დაიწყო.

„ღონისძიების წინ ჩემი ტელეფონი ჩაურთავთ მოსმენაზე. ამის მერე იყო მუქარა, რომ ჩემი ამბავი დამთავრებული იყო. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოიყვანეს აგენტები ურეკში და მოხდა ჩემი დაკავება. ჩემი დაკავების მიზეზი იყო ამ ღონისძიების ჩაშლა. დამიკავშირდა ტელეფონზე ფოთის მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ჯიქია, რომელმაც მითხრა, რომ თუ ფოთში ვიყავი, შემევლო მასთან. მაგ ადამიანთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მან მითხრა ტელეფონში, თითქოს ჩემმა დეიდაშვილმა იჩხუბა, პრობლემები იყო და უნდა მივსულიყავი. მივედი პოლიციის შენობაში, სადაც არავინ არ იყო მის გარდა. ჩემი მასთან მისვლის შემდეგ ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე და ამის მერე რამდენიმე წუთში შემოვიდა ლევან ქარდავა და კიდევ ორი პიროვნება. მითხრეს, რომ ასრულებდნენ მინისტრის ბრძანებას და უნდა გავყოლოდი. არც ჩხრეკა ჩაუტარებიათ, არც დაკავების ოქმი წარუდგენიათ, ხელი მომკიდეს და გამიყვანეს შენობიდან, მანქანაში ჩამსვეს, სადაც იმყოფებოდნენ პატარიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების მაშინდელი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე და „მაიმუნა“ და გადამიყვანეს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში“, – განაცხადა შამათავამ, რომელიც 2012 წლიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მოსკოვში ცხოვრობს.

მისი თქმით, ედავებოდნენ წამებას, თითქოს აღიარებითი ჩვენება მიიღო წამების გზით.

„მედავებოდნენ წამებას, თითქოს ეს ფოლადაშვილი ვაწამე და წამების შედეგად მივიღე აღიარებითი ჩვენება. თითქმის ყველა საქმეში, სადაც მაღალჩინოსანი არის დაკავებული, ფოლადაშვილი ან დაზარალებულია, ან ქრთამის მიმცემი“, – აღნიშნა შამათავამ.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, ლევან ქარდავაზე კი ბრალდების დადგენილება გამოიტანა.

ბიზნესმენ ბადრი პატაკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იხილეთ ვიდეო.