რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის რეფორმირების ინიციატივა - კანონპროექტის თანაავტორის განმარტება
რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის რეფორმირების ინიციატივა - კანონპროექტის თანაავტორის განმარტება

ჩვენ რომც არ განვავითაროთ რაიმე სერვისი, ამაზე უარეს სიტუაციას ნარკოპოლიტიკის კუთხით ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით სუბელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, უამრავი ადამიანი ზის ციხეში და სერვისების არარსებობისა და არსებული ნარკოპოლიტიკის გამო, ეს ადამიანები, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ხდებიან.

„ჩვენს რეფორმაში განსაზღვრულია რეგულარული მომხმარებლისთვის განსაზღვრული ერთი დღის საშუალო დოზა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებისთვის, რაც არის ექსპერტების მიერ შეფასებული. ეს მოდელი განხორციელდა პორტუგალიაში. განსხვავებით საქართველოსგან, პორტუგალიამ მიიღო 10 დღის საკმარისი ოდენობის დოზაზე დეკრიმინალიზაცია. ამ ოდენობებზე მსჯელობა დღემდე მიმდინარეობს. მეორე პრინციპული საკითხი არის ამ ოდენობებთან ბმაში მყოფი სანქციები. დღეს არსებული ძირითადად საპატიმრო სანქციები მეტწილად შევამცირეთ კანონპროექტით ან ზოგიერთ შემთხვევაში, სრულიად გავაუქმეთ“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. „ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ისმოდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მივიღებთ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებლების მნიშვნელოვან ზრდას. არც ერთ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა რეფორმა – დეკრიმინალიზაციას პლუს რეფორმები, არ მომხდარა ზრდა მომხმარებლების, პირიქით, მოხდა კლება“, – განაცხადა სუბელიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო სერვისების განვითარება არ მოიცავს დიდ თანხებს და ერთ წელში მისი განხორციელება შესაძლებელია.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული რეალობა, რომ შესაძლოა, ბიუჯეტი არ იყოს საკმარისი, რათა საშუალო ევროპული მაჩვენებლით ვხარჯოთ სერვისების განვითარებისთვის. ჩვენ გათვლილი გვაქვს, რა დაჯდება მინიმალურად აუცილებელი სარეაბილიტაციო სისტემების განვითარება, რომ ქვეყანა შეხვდეს მზად დეკრიმინალიზაციას. სულ რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. 10 ქალაქში შევქმნით სარეაბილიტაციო ცენტრებს. ერთი წლის განმავლობაში სრულიად რეალისტურია ამ სერვისების განვითარება“, – აღნიშნა სუბელიანმა.

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ კონფერენცია სახელწოდებით „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ გაიმართა. კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადებულ კანონპოეტზე იმსჯელეს.