რამილია ალიევა - საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ქალი წარმატებულია, მას აუცილებლად წარმატებული მამა ან მეუღლე უნდა ჰყავდეს
რამილია ალიევა - საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ქალი წარმატებულია, მას აუცილებლად წარმატებული მამა ან მეუღლე უნდა ჰყავდეს

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ქალი წარმატებულია, მას აუცილებლად წარმატებული მამა ან მეუღლე უნდა ჰყავდეს, რადგან მას მამაკაცის სახით გარანტი აუცილებლად სჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა რამილია ალიევამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს სწორი არ არის და ცოტა საწყენიცაა. გვაქვს უამრავი მაგალითი და თქვენი გადაცემის სტუმრების მაგალითზეც ვხედავთ, რომ შესაძლებელია, ქალები ძალიან ძლიერები იყვნენ“, – განაცხადა ალიევამ.

მისი თქმით, ქალისთვის საზოგადოებაში თავის დამკვიდრება პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან მართალია, საზოგადოება მათ შორის უფლებების კუთხითაც ვითარდება, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ტაბუ ჯერ კიდევ ადევს.

„ჩვენ ჯერ კიდევ სტერეოტიპებით ვაზროვნებთ და ვფიქრობთ, რომ გოგომ ეს არ უნდა გააკეთოს, ეს პროფესია არ უნდა აირჩიოს და ა.შ. მაგალითად, არ შეიძლება, გოგო ფერმერი იყოს, არ შეიძლება, გოგომ გარისკოს, ბანკიდან დიდი სესხი აიღოს და ბიზნესში ჩადოს და ა.შ, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა ალიევამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეექმნა თუ არა მას გარკვეული წინაღობა და გაუჭირდა თუ არა ჟურნალისტიკაში თავის დამკვიდრება, რამილია ალიევამ აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ჟურნალისტიკა ერთ–ერთი სფეროა, სადაც უფრო მეტი ქალია, ვიდრე მამაკაცი და ამ მხრივ სირთულე არ ჰქონია.

„ჩემთვის თავის დამკვიდრება პირველ ეტაპზე რთული იყო, რადგან ქართული ისე კარგად არ ვიცოდი, როგორც ჩემმა კოლეგებმა იცოდნენ. აი, ამ კუთხით იყო რთული, თორემ სხვა მხრივ სირთულე არ ყოფილა. ჟურნალისტიკა არის სფერო, სადაც დომინანტები ქალები არიან“, – განაცხადა რამილია ალიევამ.