რამილია ალიევა - როგორც საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება, ასეთ რთულ პერიოდში რატომ ხდება დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირება
რამილია ალიევა - როგორც საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება, ასეთ რთულ პერიოდში რატომ ხდება დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირება

როგორც საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება, ასეთ რთულ პერიოდში რატომ ხდება დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა სოციალურ ქსელში წერს.

„მარნეულის კარანტინის მერე, მუდმივ რეჟიმში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია დისკრიმინაციის, ქსენოფობიის შესახებ – ქართველები ჩაგრავენ აზერბაიჯანელებს, ქართველები აგდებენ ქვეყნიდან აზერბაიჯანელებს. იწყება კამპანია საქართველოს აზერბაიჯანელების მხრიდან „არა დისკრიმინაციას“  და ამავე თემაზე ჩელენჯი ქართველების მხრიდან „ჩვენ გვიყვარს ჩვენი აზერები“.

რატომღაც მგონია, ამ კამპანიებში ჩართული ორივე მხარე ვიღაცების მიზანმიმართული ქმედების მსხვერპლია. ამიტომ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება. გაარკვიონ რატომ ახლა, ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ასეთ რთულ პერიოდში, კეთდება ასეთი  დისკრიმინაციული განცხადებები და შემდგომში ტირაჟირება აზრის, რომ ქართველები გვაგდებენ. ჩემთვის სულ ერთია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ჩემთვის მთავარია, რომ კანონის წინაშე აგოს პასუხი ყველამ, ვისაც აქვს დისკრიმინაციისა და ასევე შუღლის გაღვივების მცდელობა“, – წერს რამილია ალიევა „ფეისბუქში“ და საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.