რამილია ალიევა - „მრავალფეროვანი საქართველო“ პირველი არხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტია
რამილია ალიევა - „მრავალფეროვანი საქართველო“ პირველი არხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტია

პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ამოცანაა, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებული ამბების შესახებ, – ამის შესახებ პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა რამილია ალიევამ პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ პრეზენტაციისას განაცხადა.

რამილია ალიევას თქმით, „მრავალფეროვანი საქართველო“ პირველი არხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტია.

„პროექტის ამოცანაა, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებული ამბების შესახებ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ კიდევ ერთი პროდუქტის პრეზენტაციას, რომელიც „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში მომზადდა.

„ეს არის სომხსურენოვანი და აზერბაიჯანულ ენოვანი ინტერნეტ-რადიო ტელევიზიის პრეზენტაცია. დღეიდან 1tv.ge-ზე, შესაბამის ენების განყოფილებაში იქნება 12-საათიანი უწყვეტი ეთერი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს იქნება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მაუწყებლობა და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე, რომლებიც არიან ერთნიკურად აზერბაიჯანლები და სომხები. რიგი მიზეზების გამო, მათ დღეს აქვთ პრობლემა ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არის ენობრივი ბარიერი. 

რამილია ალიევას განცხადებით, „მოამბე“ აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა 9-საათიანი „მოამბის“ სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ნაბიჯით ამტკიცებს, რომ ის არის საზოგადოების ტელევიზია. ეს პროექტი პირდაპირ იქნება მიმართული იქითკენ, რომ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე კახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონში და სოფელში ინფორმაციული ვაკუუმი იყოს აღმოფხვრილი და ჩვენმა თანამოქალაქეებმა ინფორმაცია მიიღონ არა მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებიდან, არამედ ჩვენი ტელევიზიიდან, ობიექტური და სწორი ინფორმაცია. რადიოეთერის მეშვეობით, საათში ერთხელ გავა ახალი ამბები ქვეყანაში და მსოფლიოში მომხდარი მოვლენების შესახებ.

მომზადდება „მოამბე“ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გავა 20:00 საათზე 1tv.ge-ზე. ამასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა 9-საათიანი „მოამბის“ სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. 12-საათიანი ეთერი იქნება შევსებული შემეცნებითი, გასართობი გადაცემებით, რომლებსაც მოამზადებენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც შესარჩევი ტური გაიარეს და გადიან მომზადებას. ჩვენ მოვახდენთ ქართული ენის პოპულარიზაციას და აუცილებლად იქნება გადაცემები ქართულ ენაზეც“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.