რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი შესაძლოა, გაერთიანდეს
რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი შესაძლოა, გაერთიანდეს

2020 წლის მოწვევის პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდეს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება, რომლის ინიცირებასაც საპარლამენტო უმრავლესობა საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.

ამ დროისთვის, მეცხრე მოწვევის პარლამენტში 15 კომიტეტია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებას გადაწყვეტს, საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობა შემცირდება.

კერძოდ, პირველი არხის ინფორმაციით, შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი გაერთიანდეს, ხოლო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შეუერთდეს.

ამასთან, შესაძლოა, ცვლილება შეეხოს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტსაც, რომლის გაერთიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობამ რეგლამენტში ცვლილებები უკვე მოამზადა და დოკუმენტში ბოლო დეტალები ზუსტდება. რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება იგეგმება, რომლის გათვალისწინებითაც, ერთი მხრივ, საკანონმდებლო საქმიანობის პრინციპები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, მეორე მხრივ კი, საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდება.