რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ENNHRI-ს და მისი პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 21 თებერვალს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტის კონფიდენციალობის დარღვევისა და მის თანმდევ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან და მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს სრულყოფილად გამოიძიოს ეს შემთხვევები.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ქმედებები ეწინააღმდეგება შიდა, რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ სტანდარტების თანახმად, დაუშვებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და მათი თანამშრომლების რაიმე სახით დასჯა ან დაშინება იმ საქმიანობის გამო, რასაც ისინი ახორციელებენ თავიანთი მანდატის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველისათვის საკუთარი საქმიანობის ეფექტურად და დამოუკიდებლად განხორციელებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა შეაფერხოს სახალხო დამცველის მუშაობა და საფრთხე შეუქმნას მის თანამშრომლებს, ასევე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ პატიმრებზე, რომლებსაც სახალხო დამცველი შეხვდა, და შეარყიოს მათ შორის ნდობა.

განცხადება მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს დაიცვან ეს საერთაშორისო პრინციპები და დაუყოვნებლად და სრულყოფილად გამოიძიონ მსგავსი შემთხვევები, სახალხო დამცველთან თანამშრომლობით.

საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში პატივსაცემ ინსტიტუტს წარმოადგენს. მას ხელახლა მიენიჭა A-სტატუსი, რაც მიუთითებს მის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება ერთობლივად შეიმუშავეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა (GANHRI) ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IOI), თანასწორობის ორგანოების ევროპულმა ქსელმა (Equinet) და ადამიანის უფლებათა დამცველთა საკითხზე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მიშელ ფორსტმა.