რამდენიმე საათში, ევროპის კოსმოსური სააგენტო მარსიდან პირდაპირ ეთერს ჩართავს — როგორ ვუყუროთ #1tvმეცნიერება
რამდენიმე საათში, ევროპის კოსმოსური სააგენტო მარსიდან პირდაპირ ეთერს ჩართავს — როგორ ვუყუროთ #1tvმეცნიერება

არსებობს თუ არა მარსი რეალურად? რა თქმა უნდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, როგორიც წარსულში იყო, რადგან მისგან არეკლილ სინათლეს ან იქ არსებულ ხომალდთა მიერ გამოგზავნილ სურათებს დედამიწამდე მოსასვლელად დრო სჭირდება. მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, ამ ორი პლანეტის ერთმანეთთან შედარებითი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ამას 3-დან 22 წუთამდე სჭირდება.

შესაბამისად, კოსმოსში „პირდაპირ ეთერში“ ვერაფერს ვხედავთ, რადგან სინათლის სიჩქარე შეზღუდულია.

თუმცა, 2 ივნისს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ Mars Express-ის 20 წლის იუბილეზე, საშუალება გექნებათ, მარსს ისე მიუახლოვდეთ, როგორც ეს ამჟამად არის შესაძლებელი. შეგიძლიათ მათ შორის იყოთ, ვინც ყოველ 50 წამში ერთხელ იხილავს პირდაპირ ხომალდის კამერის მიერ გადაღებულ და გამოგზავნილ ახალ ფოტოს. სურათების დედამიწამდე მოსვლას დაახლოებით 17 წუთი დასჭირდება.

პირდაპირი ეთერი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ უყუროთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს YouTube არხზე, ამ ბმულზე.

ხომალდი Mars Express-ი ზუსტად 20 წლის წინ, 2003 წლის 2 ივნისს გაუშვეს. მისია თავდაპირველად ორ წელიწადზე იყო გათვლილი, მაგრამ დღემდე გრძელდება, თანაც დიდი პროდუქტიულობით.

Mars Express-ი წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრაობს და უდიდესი წვლილი მიუძღვის მარსის შესწავლაში; შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ხელახლა ჩამოაყალიბა ჩვენი წარმოდგენა ამ პლანეტის შესახებ. უპრეცედენტო დეტალებში გამოიკვლია მარსის ერთ-ერთი მთვარე ფობოსი. შეისწავლა წითელ პლანეტაზე წყლის ისტორია და დაადგინა, რომ იქ ერთ დროს ნამდვილად არსებობდა ისეთი გარემო, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.