რამდენიმე ქვეყანამ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ჩამოსვლა უკვე დაადასტურა
რამდენიმე ქვეყანამ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ჩამოსვლა უკვე დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრეთა მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველდღიურად იღებენ როგორც ზეპირ, ისე წერილობით დადასტურებას.

ზალკალიანის თქმით, ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით მოსაწვევები მყისიერად გააგზავნეს ყველა იმ ქვეყააში, ვისთანაც საქართველოს აქვს ურთიერთობა, იმ საელჩოებში, რომლებიც აკრედიტებული არის საქართველოში. ასევე მინისტრის თქმით, მოსაწვევები გაგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„პროცესი დასრულებული არ არის. იცით, რომ ინდივიდუალურად განიხილავს ყველა და ამის შემდეგ გვაცნობებს, ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ყოველდღიურად ვიღებთ, როგორც ზეპირ, ისე წერილობით დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს დასტური სომხეთის პრეზიდენტისგან, ასევე გვეყოლება დელეგაცია ჩეხეთიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს სენატის თავმჯდომარე, სერბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე. გვეყოლება ასევე ლიტვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, გვეყოლება რუმინეთის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს რუმინეთის ვიცე-პრემიერი, მოლდოვის დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქმენეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს ვაჭრობის მინისტრი.

გვაქვს მოლოდინი, რომ საუდის არაბეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის სპიკერი, პოლონეთიდან გვაქვს დადასტურება, სახელმწიფო მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ შესაძლოა, პოლონეთიდან სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც დაემატოს.

აზერბაიჯანიდან იქნება დელეგაცია, დონის განსაზღვრა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყოველ წუთიერად, ყოველდღიურად შემოდის ინფორმაცია“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს არ არის სრულყოფილი სია. ზალკალიანის განცხადებით, დელეგაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კვირის ბოლომდე ექნებათ,

კვირის ბოლომდე კიდევ დამატებით გვექნება ინფორმაცია დელეგაციის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.