რამდენიმე ოპოზიციური პარტია არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
რამდენიმე ოპოზიციური პარტია არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

რამდენიმე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. მანამდე, მათ მოსამზადებელი შეხვედრა გამართეს და კონკრეტულ სტრატეგიაზე იმსჯელეს.

გიგი უგულავას განცხადებით, წინამორბედი მთავრობებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გაცილებით მაღალია, რადგან „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო ბუკლეტში წერია, რომ გამარჯვებისთანავე ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა.

„საქართველოს მოსახლეობა აკვირდება უფუნქციო მთავრობას, ჩამოშლილ უმრავლესობას, პოლიტიზირებულ პროკურატურას და კოლაფსამდე მისულ სასამართლოს, აკვირდებიან კორუფციაში ჩაფლულ ადგილობრივ თვითმმართველობას. ეს არის ვითარება, რაც დღეს საქართველოშია, რომელსაც ემატება ერთი კაცის ნება-სურვილი. ამის შეცვლის ერთადერთი წინაპირობა არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ყველა პრობლემა, რომელიც საქართველოში ეკონომიკასა და პოლიტიკას უკავშირდება, სათავეს იღებს შერეული არსებული სისტემიდან, რომელიც საქართველოში მოქმედებს 90-იანი წლებიდან. ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს კონსენსუსი, არ არსებობს შეთანხმება და რომელიც გამარჯვებულს აძლევს შესაძლებლობას, გამარჯვებული უფრო მეტად გამარჯვებული იყოს, ანუ მოიპაროს დამატებით ხმები. ხელისუფლების არგუმენტი აქ უსუსურია, რომ 2024 წელს კი ბატონო, მაგრამ 2020 არა. ამიტომ ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ივანიშვილი მესამე ვადით.

როგორც ყოველთვის, ჩვენ გვყავს გამორჩეულად უტიფარი, გამორჩეულად უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ატყუებს საზოგადოებას. თავად განვსაჯოთ, რომელს უფრო მეტი ფასი ექნება, კობახიძის საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში საუკეთესო კონსტიტუციას, თუ საქართველოს მილიონ მოქალაქეს, რომელიც ერთხმად იტყვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.