„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ
„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ

„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქის ღირსება გათელეს ფეხქვეშ.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს გვქონდა თათბირი, დავილაპარაკეთ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ამის მოთმენა არ შეიძლება, ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ. აძლევთ ამ სახელმწიფოს ოლიგარქს? გამოდით ქუჩაში, რა გინდათ ამ დროს სახლში. იმ თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია და შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, გაერთიანებულია, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზეა გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა, სამოქალქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო-ში. მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი არის ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ, შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ის გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს, არ გეცინებათ თქვენ თვითონ? ოპოზიცია ერთად არის, ამისთანა ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. ოპოზიციამ მიაღწია ცესკო-ს შემადგენლობის გამოცვლას და დამთავრდა კომუნიზმი საქართველოში, ამას ყველაფერს მივაღწევთ. ქართველებს სახელმწიფო გარდა არაფერი აღარ დაგვრჩა. 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, არ დავუთმოთ ეს სახელმწიფო, რადგან არავინ გვაპატიებს ამას. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში. 17 ნოემბერს ყველანი დიდ მიტინგზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, 17 ნოემბრისთვის აქციას გეგმავს „პატრიოტთა ალიანსი“.