რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გამოთვლის წესების შეცვლის შემდეგ, ზოგიერთი პირის სასჯელი შესაძლოა, გადაიხედოს
რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გამოთვლის წესების შეცვლის შემდეგ, ზოგიერთი პირის სასჯელი შესაძლოა, გადაიხედოს

საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლითაც ზუსტდება რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები და იცვლება მათი გამოთვლის წესები, გავლენა შეიძლება, იქონიოს ზოგიერთ მსჯავრდებულზე. კერძოდ, ზოგიერთი პირის სასჯელი შესაძლოა, გადაიხედოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს.

„ახალმა ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმართებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ამ მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს. ზოგიერთი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიმართ შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში და არა სისტემურად, ცვლილებებმა გავლენა იქონიოს.

ეს გავლენას არ იქონიებს გასაღებასა და მძიმე ფორმების ნარკოდანაშაულზე, მაგრამ მომხმარებლებთან მიმართებაში, თუ აქამდე პირი გასამართლებული იყო დიდი ოდენობისთვის და ახლებური ხედვით ეს იწვევს სხვა კვალიფიკაციას, ასეთ შემთხვევაში, ეს გავლენას მსჯავრდებულებზე იქონიებს. კერძოდ, მათზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა.

პირებს, რომლებზეც კანონპროექტი გავლენას მოახდენს, განაჩენის გადახედვის მოთხოვნის უფლება ექნებათ. ამისთვის განსაზღვრულია პროცედურები, რომელიც შედარებით გამარტივებულია სტანდარტული გადასინჯვის პროცედურებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ზუსტდება რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები და იცვლება მათი გამოთვლის წესები.