რამდენიმე მსხვილი ქართული კომპანია ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების გატანას გეგმავს
რამდენიმე მსხვილი ქართული კომპანია ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების გატანას გეგმავს

ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების გატანით რამდენიმე მსხვილი ქართული კომპანია არის დაინტერესებული. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.

ლაშა ინაურის თქმით, კომპანიებს ჰყავთ იტალიელი პარტნიორები, რომლებიც ლოკოკინების წარმოებაში ეხმარებიან.

ლაშა ინაურს ლოკოკინების ექსპორტთან დაკავშირებით კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც მან პარლამენტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების, 2022 წლის ვალდებულებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„აჟიოტაჟი ატყდა, ბევრი ქილიკობდა კიდეც ამ საკითხზე, რა დროს ლოკოკინებია და როგორ, მაგრამ სიტუაცია გვაჩვენებს, რომ საკმაოდ პერსპექტიული არის. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოითხოვა ჩვენგან კერძო სექტორმა, ლოკოკინების გატანა გვინდა და დაგვეხმარეთო. ჩვენ გვქონდა დისკუსია ევროკავშირთან, მივაღწიეთ იმას, რომ დაგვამატეს ამ სიაში ლოკოკინების გატანაზე, მაგრამ შემდეგ წლები გავიდა. დაახლოებით 3 წელი გავიდა და რენდომ შემოწმებით აღმოჩნდა, რომ აღარ ვიყავით ამ სიაში. ევროკომისიას რომ ვკითხე, რატომ – არა, თქვენგან პრაქტიკულად არ წამოსულა და იმიტომო. ბიზნესის მოთხოვნის საფუძველზე გვქონდა ეს კომუნიკაცია, გავხსენით ბაზარი, სახელმწიფოს ხელშეწყობაზე არ ყოფილა საუბარი. გვეუბნებოდნენ, რომ პარტნიორიც გვყავს, ინვესტიციასაც მოვიზიდავთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ახლა, გასულ წელს გააქტიურდნენ ძალიან, ოღონდ, გააქტიურდნენ იტალიელი პარტნიორები. საკმაოდ დიდი ასოციაციაა, ლოკოკინების ინსტიტუტი არის, მსგავსი დაწესებულება ასევე იტალიიდან, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი. დაუკავშირდა აქაურ ლოკოკინის მწარმოებლებს, ფერმერებს და თანამშრომლობა შესთავაზა. ის კი არ გახსნის აქ წარმოებას, დააკონტრაქტებს აქაურ ფერმერებს, გამოაგზავნის საშენ მასალას მოშენებისთვის, აქ ფერმაში მოშენდება ლოკოკინები და შემდეგ გაიტანენ ევროკავშირში. ამაზე ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროკავშირთან და ძალიან შემჭიდროებულ ვადებში დავამატებინეთ საქართველო ისევ ამ სიაში. იმედი მაქვს, ახლა ასეთი შემთხვევა აღარ იქნება. უკვე კონკრეტული მაგალითები გვაქვს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მომართეს აღიარებისთვის. ასეთი პროცესია, ჯერ ევროკავშირი ამატებს საქართველოს სიაში, შემდეგ საწარმოები უნდა აღიაროს ჩვენმა სურსათის სააგენტომ და ეს საწარმოები გაუგზავნოს ევროკავშირს, რომ მან საწარმოებიც დაამატოს სიაში, შემდეგ სერთიფიკატებს აიღებენ და წავლენ. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, აღიარებისთვის მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. რამდენიმე მსხვილი კომპანია არის დაინტერესებული და იტალიელი პარტნიორები ჰყავთ“, – განაცხადა ლაშა ინაურმა.