რამდენიმე დეპუტატს ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს [ფოტო-ვიდეო]

რამდენიმე დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

პარლამენტის შესასვლელთან აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები დგანან.

დეპუტატ თემურ ჭკუასელის მანქანას წინ დაუდგნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები – ელენე ხოშტარია და ლელა ქებურია. ადგილზე მივიდნენ გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა.

„ამ სამარცხვინო კლოუნებს ყველგან ექნებათ დისკომფორტი. შენობაში წყნარად და მშვიდად შესვლის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. ყველგან უნდა იგრძნონ, როგორი სამარცხვინო კლოუნები არიან. ამ დეპუტატებს საიდანღაც რომ შეაპარებენ, ეს კი ვიცით, მაგრამ ეს არის კლიმატი მინიმალური, რასაც ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის მანქანა აქციის მონაწილეებმა გააცილეს შეძახილებით – „მონებო“.

„ასე ვირთხებივით უნდა გაიპაროს ყველა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საბოლოოდ, თემურ ჭკუასელის მანქანა ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.