რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდა.

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წევრის მანანა ანდღულაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი იყო, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, პრეზიდენტისგან ითხოვენ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, არამედ კრიტიკულ მდგომარეობაზე განცხადების გაკეთებას.

„შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, მე, მანანა ანდღულაძე – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“, მაკა მინდიაშვილი, ჯონი კვარაცხელია, მანანა ჯებაშვილი, ვილი პაჭკორია, გოგი ჩახუნაშვიკი. ეს იყო ერთგვარად მიქსი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების. მთავარი მიზანი იყო, მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის და გვეთხოვა, რომ მას მკაფიო განცხადებები გაეკეთებინა. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას. ჩვენს განცხადებაში არ ყოფილა შეწყალება, ჩვენი მოთხოვნა არ არის, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს საქართველოს მესამე ორეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება ამ კრიტიკულ მდგომარეობაზე“, – აღნიშნა მანანა ანდღულაძემ.

მანანა ანდღულაძის შეფასებით, შეხვედრა „უკიდურესად პოზიტიური“ იყო.

„ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის წარმომადგენელი, პრეზიდენტის მრჩეველი (ჯანდაცვის საკითხებში) ქალბატონი ქეთევან თათოშვილი, ასევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია სულავა. ჩვენ გადავეცით ინფორმაცია, ყველაფერი დეტალურად მივაწოდეთ. ქალბატონმა ნათიამ ყველაფერი დეტალურად ჩაინიშნა და აღნიშნა, რომ ის აუცილებლად გადასცემს (სალომე ზურაბიშვილს) ყველაფერს. აგრეთვე, ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს აქვს აქტიური კომუნიკაცია ქალბატონ ლომჯარიასთან, რაც ჩამოვიდა, იღებს უკვე ყოველდღიურ ინფორმაციას. მოლოდინია იმისა, რომ ქალბატონი სალომე უკვე აქტიურადაა ჩართული, აინტერესებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას, აი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური. მიდის ისეთი განცხადების უტრირება, თითქოს ექსპრეზიდენტი არ ჭამს. ეს არის ტყუილი – ის ვერ ჭამს და რასაც იღებს, უკან აღებინებს. ეს უკვე არის ოფიციალური დასკვნა“, – განაცხადა მანანა ანდღულაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

დატოვე კომენტარი