რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ კლავიატურა - რას ამბობს მეცნიერება
რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ კლავიატურა - რას ამბობს მეცნიერება

დიდ ალბათობით, თქვენი კლავიატურა უფრო ბინძურია, ვიდრე უნიტაზი.

ავსტრალიაში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჩვეულებრივ კლავიატურას 400-ჯერ მეტი ბაქტერია აქვს, ვიდრე ტუალეტის უნიტაზს.

სინამდვილეში, უნიტაზის ყოველ 2,5 კვადრატულ სანტიმეტრზე 50 ბაქტერია ბინადრობს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით კომპიუტერზე, განსაკუთრებით კი იმ კომპიუტერებზე, რომლებსაც რამდენიმე ადამიანი იყენებს.

ჩიკაგოს ერთ-ერთმა საავადმყოფომ აღმოაჩინა, რომ მათი კომპიუტერების კლავიატურებზე 24 საათზე მეტხანს ძლებდნენ წამლებისადმი რეზისტენტული ისეთი სტაფილოკოკები, როგორებიცაა მაგალითად, MRSA.

ასზე მეტი საკუთარი კლავიატურა შეისწავლა ნიდერლანდების ერთ-ერთმა კლინიკამაც. აღმოჩნდა, რომ მათ 95-ზე ბინადრობდა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა პათოგენები. შედეგად, კლავიატურები მათი დაწესებულების ერთ-ერთი ყველაზე ბინძური საგნები იყო.

თუ გავითვალისწინებთ რამდენად ხშირად ვიყენებთ კომპიუტერს, მარტივი მისახვედრი გახდება, რატომ იჭედება ჭუჭყი ღილაკებს შორის გამუდმებით. სახლსა თუ სამსახურში გარედან შესულები, კლავიატურაზე ყოველთვის სწრაფად ვკრეფთ რაღაცას, ხშირად კომპიუტერთან ვჭამთ საკვებს, პარალელურად კი, სხვადასხვა ნივთიერებებით დასვრილი ხელებით ბეჭდვას არ ვწყვეტთ.

ამ მხრივ განსაკუთრებით დაბინძურებულია სამსახურის კომპიუტერები, რომლებთანაც ხშირად მთელი დღის გატარება გვიწევს.

როდის უნდა გავწმინდოთ კლავიატურა

მიკრობიოლოგთა უმეტესობა თანხმდება, რომ ყველა ჩვენგანმა კომპიუტერის მაგიდა და და კლავიატურა სულ მცირე, კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა გაწმინდოს.

აშშ-ის ჯანდაცვის კვლევათა ცენტრის (NCHR) ექიმების განცხადებით, ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია საავადმყოფოების კომპიუტერების კლავიატურებს. NCHR)-ის რეკომენდაციით, აუცილებელია ხელების დაბანა ნებისმიერი საერთო კომპიუტერის გამოყენების წინ და შემდეგ, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე.

თუკი კომპიუტერს თქვენ გარდა არავინ იყენებს და დღის განმავლობაში არ ეხებით ბევრ ადამიანს, კლავიატურაზე ბაქტერიათა უმეტესობა თქვენი ხელებიდან ხვდება, რაც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

თუმცა, ხელების ხშირად დაბანა მაინც აუცილებელია.

როგორ გავწმინდოთ კლავიატურა

კლავიატურის გაწმენდა და დეზინფექცია მარტივი პროცესია და თან რაც მთავარია, ეფექტიანი.

დეზინფექციის დაწყებამე, აუცილებლად გამორთეთ კომპიუტერი და გამოაძრეთ კვების წყაროდან. ამის შემდეგ, მტვერსასრუტით ამოიღეთ ღილაკებს შორის ჩაჭედილი ნამცეცები.

სისუფთავის ექსპერტის, მელისა მეიქერის რეკომენდაციით, იდეალურია კლავიატურის გასუფთავება წმინდა ქსოვილით, ერთმანეთში თანაბარი ოდენობით შეზავებული წყლისა და სამედიცინო სპირტის გამოყენებით. ღილაკებს შორის სივრცე შეგიძლიათ გაწმინდოთ ამ ხსნარში დასველებული ყურის საწმენდი ჩხირებით.

კლავიატურაზე არანაკლებ ბინძურია თქვენი სმარტფონები. იმის გამო, რომ ისინი თითქმის მთელი დღე ხელში გვიჭირავს, მათზე ადვილად ხვდება ნაწლავის ჩხირები და სტრეპტოკოკები.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლოს პათოლოგისტისა და მიკრობიოლოგის, ფილიპ ტიერნოს რჩევით, აუცილებელია სმარტფონის გაწმენდა იგივე სითხით ყოველი დღის ბოლოს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით