რამაზ ყურაშვილი - „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა ის გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე
რამაზ ყურაშვილი - „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა ის გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე

„ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა ის გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა რამაზ ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს „ვოსორიტიდმა“ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გონივრული, გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, ზუსტი პროტოკოლის შემუშავება და მისი პრაქტიკაში სწორად იმპლემენტაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს კიდეც.

„ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ინტელექტუალურად მათ არავითარი ჩამორჩენა არ აქვთ. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა უნდა და არცეთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგთ სწრაფად. მითუმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს. ამიტომ ფორსირება იმისა, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ წამალს დაახლოებით 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს. კლინიკური სიმპტომი იწყება თავბრუსხვევით. გაუზომავენ წნევას, წნევა დავარდნილია. სამი მარეგულირებელი ფიზიოლოგიურად ნორმალური ორგანო ზიანდება ამ წამლისგან რაღაც მომენტებში, შეიძლება, ძვლები არაპროპორციულად გაიზარდოს, შეიძლება, ორგანოებმა არაპროპორციულად დაიწყონ გაზრდა ან ფუნქციონირება. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ, არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა რამაზ ყურაშვილმა, რომლის კომენტარიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გადაწყვეტილებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.

მათვე ცნობით, ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი დაიპირება – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დააფინანსებს.