რამაზ სვანაძე – უკვე იგრძნობა ის ჟინი, რაც თამაშის მოგებისთვის აუცილებელია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჯგუფის ლიდერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის შანსებსა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„იდეალურ ვითარებაში რომ არ ვართ, ეს ცხადია, მაგრამ ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს ემართება. რეალურად, საწყის ეტაპზე ვართ. მაგრამ უკვე იგრძნობა ის ჟინი და განწყობა, რაც თამაშის მოგებისთვის აუცილებელია. ყველანაირად ვეცდებით, რომ თამაშის დასრულების შემდეგ გავიხაროთ.
მოკლე პერიოდში ეს მეოთხე თამაშია და ფეხბურთელებში უკვე დაღლილობა იგრძნობა. მარტო ჩვენ არ ვართ მსგავს ვითარებაში. სამი მატჩია არ გაგვიტანია, თუმცა, არის კი რომელიმე კლუბი ან ნაკრები, რომელსაც რთული პერიოდი არ გადაუტანია?
არ უნდა მოხდეს არსებულის ისე დრამატიზება, რომ აქ ყველაფერი მთავრდება. არადა, მოთამაშეთა უმრავლესობა სწორედ ისინი არიან, რომლებმაც საქართველოს მოუტანეს ყველაზე დიდი წარმატება, რაც ოდესმე გვქონია.
ამასთან, არიან ახალგაზრდები, რომლებმაც 21-წლამდელებში მანამდე წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს. ამ ბიჭებს რთული პერიოდი დაუდგათ, მაგრამ აქედან ერთად გამოვალთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება, სხვანაირად არ შეიძლება იყოს, რადგან მათ შრომას ყოველდღიურად ვუყურებ“.