რამაზ სვანაძე - შედეგი კარგი იყო, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულებით უკმაყოფილო დავრჩი [ვიდეო]  #1TVSPORT

ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეაფასა. გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული წლის პირველი მატჩის დამაჯერებელი მოგების (4:1) მიუხედავად, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

„განვლილ მატჩში ყველაზე კარგი რაც გახლდათ, ეს იყო შედეგი. კარგი სერია გვაქვს და მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგებაც. თუმცა, მეორე მხარეა თამაშის ხარისხი და ის დამოკიდებულება, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ და სიმართლე რომ გითხრათ, ამ ყველაფრით უკმაყოფილო დავრჩი. მიზანი კვლავ უცვლელია – მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი და მზადყოფნაში შევხვდეთ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს. ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება. იმ დამოკიდებულებას კი რაც ჩვენ ყველამ ერთად, გუნდმა მეორე ტაიმში გამოვავლინეთ, დარწმუნებული ვარ გამოვასწორებთ“, – ამბობს სვანაძე.

კომენტარი გააკეთა ბექა დარცმელიამაც, რომელმაც ნაკრების მაისურით კარიერაში პირველი გოლი გაიტანა:

„განვაგრძობთ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის. ამ წელს ეს პირველი შეკრება იყო და კარგია, რომ წელი გამარჯვებით დავიწყეთ. რაც შეეხება გოლს, ეს ნაკრებში ჩემი პირველი გოლი გახლდათ და ძალიან გახარებული ვარ“.